თეგი: კლოდ კერნი

PACE-ს თანამომხსენებლები: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მტკიცედ დაგმონ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ თავდასხმები

ევროპის საბჭოს თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ანონიმური სუბიექტების მხრიდან გახშირებულ თავდასხმებს გმობენ“. განცხადების ავტორების შეფასებით, „აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არსებობს საქართველოში, არსებითად მნიშვნელოვანია კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს 12 პრიორიტეტი არ არის ახალი საქართველოსთვის. „ისინი დიდწილად ემთხვევა იმ პრიორიტეტულ რეფორმებს, რაც მოცემულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკანასკნელ რეზოლუციაში, რომელიც ეხება საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. როგორც აღნიშნულ რეზოლუციაშია ჩაწერილი, ფუნდამენტური პრიორიტეტი არის პოლიტიკურ გარემოში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის აღმოფხვრა, რომელიც საზოგადოების ყველა სფეროში აღწევს. პოლარიზაციის აღმოფხვრა დამოკიდებულია ყველა პოლიტიკური ძალის თანაზომიერ პოლიტიკურ ნებაზე, როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის, რომ შეცვალონ ქცევა და დამოკიდებულებები“. ამ კონტექსტში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები გმობენ ანონიმური სუბიექტების მხრიდან გახშირებულ თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელობაზე, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტისადმი მათი ერთგულების ბოროტი განზრახვით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას. „აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ის არსებობს საქართველოში, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციონალური დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მტკიცედ დაგმონ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიძიონ ეს თავდასხმები, რომელთა მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაჩუმება და სტიგმატიზაცია“, – აცხადებენ თანამომხსენებლები. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელების აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი, როგორც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის როლი. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის პროექტს, მომხსენებლების შეფასებთ, პოლიტიკური გარემოს უკიდურესი პოლარიზაციის კონტექსტში და სასამართლო სისტემაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონტროლთან დაკავშირებით არსებული კითხვების ფონზე, პერსონალურმა მიდგომამ შეიძლება, კანონი მოწყვლადი გახადოს პოლიტიკური ძალადობის მიმართ, რაც კანონის მიზნებს ეწინააღმდეგება. თანამომხსენებლები იმეორებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ხელისუფლებამ ამ კანონპროექტის მიღებისას უარი თქვას პერსონალურ მიდგომაზე. შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის შეფასებით, საქართველოს კანონპროექტი ფოკუსირებულია ეგრეთ წოდებულ „პერსონალურ“ (დასჯის) მიდგომაზე, რომელიც ცდილობს ე.წ. „ოლიგარქების“ იდენტიფიცირებას კონკრეტული კრიტერიუმების მეშვეობით, მაგალითად, როგორიცაა, სიმდიდრე, მედიამფლობელობა და ასე შემდეგ. ეს მიდგომა, ვენეციის კომისიის აზრით, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ რისკებს, რაც პოტენციურად ზიანს აყენებს პოლიტიკურ პლურალიზმს.  

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები: საქართველო გზაჯვარედინზეა

„საქართველო გზაჯვარედინზეა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელამ (პორტუგალია, SOC) საქართველოში სამდღიანი ვიზიტის ბოლოს (2023 წლის 27-29 მარტი) გავრცელებულ განცხადებაში. „საქართველო ევროპული ქვეყანაა. ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ მრავალი რეფორმა განხორციელდა და კარგი პროგრესი მიიღწა. ამავდროულად, საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივის ამ მნიშვნელოვან მომენტში, აშკარად ჩანს, რომ რეფორმების პროცესი ფერხდება“, - აღნიშნულია გაცხადებაში. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ უკიდურესი შუღლი და პოლარიზაცია, უარი თქვან ვიწრო პარტიულ ინტერესებზე და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა განახორციელონ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტი. ვიზიტის დროს თანამომხსენებლებს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, შესაბამისმა თანამოსაუბრეებმაც მიაწოდეს ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ კომენტარს არ აკეთებენ საქმის იურიდიულ ასპექტებზე, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, თანამომხსენებლებმა გამოთქვეს შეშფოთება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული დავის გამო. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას და ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს, შეთანხმდნენ უცხოელი ექიმების ხელმისაწვდომობაზე. „მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა დაინტერესებული მხარე დაეყრდნოს ნეიტრალურ და სანდო ინფორმაციას“, - აცხადებენ თანამომხსენებლები.